logo
ENG



ომბუდსმენი მოუწოდებს უწყებებს, "ღირსების მარშის" მონაწილეების უსაფრთხოება რეალურად დაიცვან

01 ივლ 202109:36
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენი მოუწოდებს უწყებებს, "ღირსების მარშის" მონაწილეების უსაფრთხოება რეალურად დაიცვან

სახალხო დამცველი 5 ივლისს დაგეგმილ "ღირსების მარშთან" დაკავშირებით მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს და თანამდებობის პირებს, რეალურად დაიცვან მონაწილეების უსაფრთხოება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები.

ომბუდსმენი მოუწოდებს მათ, ეფექტიანად იმოქმედონ შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებზე, დაუსჯელობის განცდისა და მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით; ასევე, გააკეთონ ლგბტ+ თემის მხარდამჭერი განცხადებები.

"განსაკუთრებულ ყურადღებას და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადებები. [...]

ჰომო/ტრანსფობიურად განწყობილი ადამიანების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებსა და სავარაუდო დანაშაულებზე რეაგირება უმეტეს შემთხვევაში, ფრაგმენტული და არაეფექტიანია.

ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მშვიდობიანი პროტესტი თუ სოლიდარობის აქტი, მისი შინაარსის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული, მისი უზრუნველყოფის ვალდებულება კი ხელისუფლებას ეკისრება.

ამის საპირისპიროდ, მაღალი თანამდებობის პირები ხელს უწყობენ საკითხის პოლიტიზირებას და თემის წევრების უსაფრთხოების დაცვის გარანტად თავად თემის უფლებების შეზღუდვას წარმოაჩენენ", - წერს ომბუდსმენი. 

1-5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის კვირეული" ჩატარდება. 5 ივლისს კი რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.

ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტრო რუსთაველთან კარვები გაშალონ და პრაიდს ხელი შეუშალონ. 

საკითხთან დაკავშირებით, 28 ივნისს 28 ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა და საქართველოს შს მინისტრს და ხელისუფლებას მოუწოდა, Tbilisi Pride-ის მონაწილეები ეფექტურად და სათანადოდ დაიცვან, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უნივერსალური უფლების დაცვა.


close დახურვა